ზელენსკის განცხადებით, როგორც კი საუბარი იწყება ყირიმზე და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე, შედიან ომის გაჭიანურების ფორმატში და სწორედ ეს სურს რუსეთს.
ჟურნალისტებმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს მედიით გავრცელებულ ცნობებზე, რომ ომის დასასრულებლად აშშ-ის ერთ-ერთი წინადადებაა ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მოჰყავს ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატა, რომ „ეს სიგნალები, იდეები ან ხედვებია“, მაგრამ „არ არის უკრაინისადმი ოფიციალური წინადადება“.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, ზუსტად ცნობილი არ არის, ვის ეკუთვნის წინადადება, შესაძლოა, ეს აშშ-ის ხედვა იყოს ან ის, რაც ამერიკელებმა გაიგეს პუტინთან საუბრების შემდეგ.
„მაგრამ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს, რომ ყირიმი რუსეთისაა. ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა. ეს ჩვენი, უკრაინელი ხალხის ტერიტორიაა. ეს არ მოხდება და ნებისმიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს უკვე ვთქვით. თავისი არსებობით ამას ამბობს უკრაინის კონსტიტუციაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ WSJ: აშშ ელოდება უკრაინის პასუხს ყირიმზე და ნატოს წევრობაზე უარის შესახებმას შემდეგ, რაც 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები კით კელოგი და სტივ უიტკოფი პარიზში შეხვდნენ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს, Bloomberg-ი და CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ამერიკელებმა პარიზში წარმოადგინეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას.
გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინამ აშშ-ის ამ და კიდევ ერთ წინადადებას, რომელიც ნატოს წევრობაზე უარს ეხება, პასუხი უნდა გასცეს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში შეხვედრა დღეს, 23 აპრილს უნდა გაიმართოს. თავდაპირველი ცნობებით, შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. 22 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუბიო ლონდონში არ გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ეს იმით ახსნა, რომ მარკო რუბიოს აქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, თავდაპირველი გეგმები ყოველთვის პირობითია და იცვლება ხოლმე.
პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ, 18 აპრილს მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს სურს სწრაფად გაარკვიოს, რამდენად რეალურია უახლოეს ხანში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებენ და თუ არა - აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.
Financial Times-ის წყაროთა თანახმად, ლონდონში, უკრაინის და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს არც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ლონდონის შეხვედრაზე იქნება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროთა ინფორმაციით, უკრაინას ლონდონში დღევანდელ შეხვედრაზე სურს საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტის საკითხის განხილვა და არა - ტრამპის სამშვიდობო გეგმის პროექტის, რომელიც ითვალისწინებს ყირიმის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას და რუსეთის კონტროლის არაოფიციალურად აღიარებას უკრაინის თითქმის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებული აქვს 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გასულ კვირაში, პარიზში წარუდგინა, აღწერილია, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო წინადადება.
ასევე ნახეთ ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ20 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში შეძლებენ.
ორი დღით ადრე, 18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება" და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს", აშშ განზე გადგება.
კიევში 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ძალიან არ სურთ“ პროცესიდან აშშ-ის გასვლა, რადგან ეს კარგი სიგნალი არ იქნება. ზელენსკის თქმით, უკრაინა აშშ-ის მოკავშირეა, ხოლო რუსეთი - მტერი.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
- პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
- უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.