ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ლევან ზაზაძის ახლობლების პროტესტი, რომელსაც მოჰყვა მათსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან. ამ დროს ერთი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა.
21 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები პოლიციელების მოქმედების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. პოლიციამ აღდგომის ღამეს პროევროპული აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული წესით. მათგან ტროტუარზე დგომის დროს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება - დემონსტრანტები რუსთაველზე შეიკრიბნენ აღდგომის ღამესაც.
„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ. ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესითაც - პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობისთვის.