წინასწარი მონაცემები მსხვერპლის შესახებ დილის შვიდი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, 63 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზებულია 42, მათ შორის 6 ბავშვი.
მაშველები სახლების ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებში. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგების ლიკვიდაცია კიევის ხუთ რაიონში მიმდინარეობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ქალაქ ხარკოვსაც. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი. დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები.
აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებში, დნეპრსა და პავლოგრადშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ ტრამპი ზელენსკის განცხადებაზე - "მას არაფერი აქვს სატრაბახო! შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს ...ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე“განახლება: დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, ქალაქ პავლოგრადში სარაკეტო დარტყმა იყო საწარმოზე. კონკრეტული საწარმო ადმინისტრაციას არ დაუსახელებია. მსხვერპლი არ არის.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბუჩის რაიონში ორი ქალი დაშავდა. დაზიანებულია სამი ხუთსართულიანი სახლი და ოთხი მაღაზია.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად კიევსა და ჟიტომირში დაიჭრა რკინიგზის ორი თანამშრომელი. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია კიევის და ხარკოვის ოლქებში.
ქალი ამოიყვანეს საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიევზე რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ. 24 აპრილი, 2025.
იმ მონაცემების მიხედვით, რომლებსაც სოციალური ქსელებით პერიოდულად აქვეყნებდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა, უკრაინის რეგიონებზე ჯერ კიდევ 23 აპრილის საღამოდან დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა, შუაღამის შემდეგ კი მათ დაემატა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში 24 აპრილს, დილის რვის ნახევრისთვის შეწყდა.