კრემლი კმაყოფილია ყირიმის შესახებ ტრამპის განცხადებით

ფოტო არქივიდან. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. 2018 წლის 16 ივლისი

კრემლში განაცხადეს, რომ ყირიმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება სრულად შეესაბამება რუსეთის „გაგებას“.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ტრამპის განცხადების შესახებ ჟურნალისტებმა მოსკოვში დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს.

„ეს სრულად კორესპონდირებულია ჩვენს გაგებასთან და იმასთან, რასაც უკვე დიდი ხანია ვამბობთ“, - იყო პესკოვის პასუხი.

ასევე ნახეთ ტრამპი ზელენსკის განცხადებაზე - "მას არაფერი აქვს სატრაბახო! შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს ...ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ, ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს და მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე.

დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას აშშ-ის მხრიდან.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ ტრამპს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა