„თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას... კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები - შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი“, - წერია „მაღაროელების“ ფეისბუკგვერდზე.
ამავე გვერდზე გამოქვეყნებულია განაცხადის ფორმა, რომელზე ხელმოწერასაც კომპანიის წარმომადგენლები მათგან ითხოვენ. ამ განაცხადის ფორმიდან ირკვევა:
- კომპანიაში იწყება რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც თანამშრომელთა ნაწილი უმუშევარი შეიძლება დარჩეს;
- კომპანია არ იღებს ამჟამად მომუშავე ყველა ადამიანის კვლავ დასაქმების ვალდებულებას, „კომპანია გამოხატავს მზაობას“ ვაკანტური ადგილების მოძიებაში დასახმარებლად;
- ვახტური გრაფიკიდან (12 სთ) მცირდება სამუშაო საათები 8 საათამდე.
მაღაროელები ამბობენ, რომ ამ განაცხადზე ხელმოწერით, ისინი დაეთანხმებიან ასობით თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილის გაუქმებას.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „რეორგანიზაციის მიზანია შრომის სწორად და ეფექტიანად წარმართვა, რაც უშუალოდ უკავშირდება როგორც კომპანიის საკადრო პოლიტიკას, ისე საოპერაციო ხარჯების შემცირებას“.
გუშინ, 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვეოდა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამთომოპოვებითი საქმიანობიდან ამ კომპანიების გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია „ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და „რეპრესიებს“ აანონსებს.
ასევე ნახეთ ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ - პროცესს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებსმანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავდნენ ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად.
ჭიათურაში მომპოვებელი პროცესის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერებულია - მაშინ თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2025 წლის 1 მარტამდე ხელფასის 60% დაერიცხებოდათ.
7 მარტს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა.
ასევე ნახეთ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი"