პაკისტანმა ინდოეთის მოქალაქეებს ვიზები შეუჩერა და ინდურ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუკეტა

პაკისტანმა დაუყოვნებლივ შეაჩერა ინდოეთის მოქალაქეებზე გამონაკლისის სქემის ფარგლებში გაცემული ვიზების მოქმედება, გააძევა მეზობელი ქვეყნის დიპლომატების ნაწილი და დახურა საჰაერო სივრცე ინდოეთის ავიაკომპანიებისათვის.

ეს ისლამაბადის პასუხია ნიუ-დელის მიერ დაწესებულ ზომებზე.

ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში მომხდარ თავდასხმაზე. 22 აპრილს კურორტ პაჰალგამის მახლობლად შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი.

ასევე ნახეთ ქაშმირში ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ კავშირებს ამცირებს

ინდოეთის პოლიციამ თავდასხმაში მონაწილე ოთხი ეჭვმიტანილი პირიდან სამის ვინაობა დაასახელა და თქვა, რომ ორი პაკისტანის მოქალაქეა, მესამე კი - ადგილობრივი ქაშმირელი. მათი მტკიცებით, სამივე ეჭვმიტანილი პაკისტანში დაფუძნებული დაჯგუფება „ლაშქარ-ე-თაიბას“ წევრია. ინდოეთის გარდა, „ლაშქარ-ე-თაიბას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, რუსეთი, იაპონია, ისრაელი, ევროკავშირი და გაეროს უშიშროების საბჭო.

პაკისტანი აცხადებს, რომ თავდასხმასთან მას კავშირი არა აქვს. ისლამაბადის თქმით, არ ჩატარებულა სანდო გამოძიება და არ არსებობს მტკიცებულებები.

23 აპრილს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პაკისტანის წინააღმდეგ დაწესებულ არაერთ შეზღუდვაზე. მათ შორის იყო “ინდის წყლის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერება. ეს არის 1960 წელს ორ ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის შუამავლობით წყალთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.

პაკისტანმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ წყლის შეჩერების ან გადამისამართების ნებისმიერი მცდელობა "ჩაითვლება ომის აქტად".