ზელენსკი: წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული რაკეტით დაარტყა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგები კიევის სვიატოშინსკის რაიონში. 2025 წლის 24 აპრილი

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარებმა კიევს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული რაკეტით დაარტყეს.

24 აპრილს კიევზე სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაშავდა. კიევის სვიატოშინსკის რაიონში დაინგრა მრავალბინიანი სახლი და დაზიანდა ახლომდებარე შენობები. 25 აპრილი კიევში გლოვის დღეა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აპრილს, ღამით განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები დეტალებს ამოწმებენ და თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის და ფხენიანის დანაშაულებრივი კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება.

ასევე ნახეთ Reuters: რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო, რადგან, როცა ომის შესაწყვეტად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე რუსეთი ისევ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია დარტყმების სრულად და უპირობოდ შეწყვეტა და ომის სამართლიანად დასრულება, უკრაინელების უსაფრთხოების რეალური გარანტია კი ქვეყნის საჰაერო ფარის გაძლიერება იქნება.

ასევე ნახეთ უკრაინაზე მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა, რომ სამხედრო ობიექტებს დაარტყა
ასევე ნახეთ ტრამპი პუტინს: „ვლადიმირ, შეჩერდი!“