„ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე.
ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, - თქვა ღარიბაშვილმა.
როგორც ხშირად, ისე ამჯერადაც, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს:
„რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვრის, იდეალების, ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად, ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად.
მსურს, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა ასევე პარტიის მხარდამჭერებს, საჯარო მოხელეებს, თუმცა არ ახსენა ირაკლი კობახიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრია.
„მადლობა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, მომხრეებს, მხარდამჭერებს - იმ უზარმაზარ არმიას, ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ. მე მადლობას ვეუბნები საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რატომ არ ახსენა ღარიბაშვილმა კობახიძე? - ამ საკითხზე მას კითხვა „TV პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა.
„ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩამომეთვალა ყველა ეს ლიდერი... რატომ ფიქრობთ, რომ უნდა ჩამომეთვალა თითოეული მათგანი?! ეს არის დამაკნინებელი კითხვები, თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ პრემიერ-მინისტრის მუშაობას. მინდა გითხრათ, პრემიერ-მინისტრის საქმიანობა, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს ხალხმა“, - თქვა ღარიბაშვილმა კობახიძის შესახებ დასმული კითხვების პასუხად.
მას კიდევ ერთი კითხვა პოლიტიკაში დაბრუნებაზე დაუსვეს, რაზეც თქვა, რომ „გამორიცხული არაფერი არ არის“, თუმცა „სისულელე“ უწოდა ოპოზიციური პარტიის შექმნას.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იყო შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ბოლო პერიოდში კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, იკავებდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერს დაუწესეს სანქციები, ირაკლი ღარიბაშვილი მათ შორის არ არის.