„ორ თვეში გახდება ცნობილი“ - ვის კანდიდატურას განიხილავს „ოცნება“ აშშ-ში ელჩის ვაკანტურ პოსტზე?

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ) ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი

აშშ-ში საქართველოს ელჩი „უახლოეს პერიოდში“ ეყოლება, თქვა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მომავალი ელჩის ვინაობა დაახლოებით ორ თვეში გახდება ცნობილი.

ბოჭორიშვილის თქმით, კანდიდატურებზე წინასწარ საუბარი „სწორი არ არის“.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, „ოცნებას“ ერთ-ერთ კანდიდატად შერჩეული ჰყავს თამარ ტალიაშვილი, რომელიც ამჟამად ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია.

თამარ ტალიაშვილი

მინისტრი ბოჭორიშვილი ტალიაშვილის შესახებ კითხვაზე ამბობს: „არაფერს არ გპასუხობთ კანდიდატურასთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს თავად თამარ ტალიაშვილი.

აშშ-ში ელჩობის კანდიდატზე „ქართული ოცნების“ მთავრობაში არსებულ შეთანხმებაზე განცხადება მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 19 მარტს გააკეთა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

„აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე“, - აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, ინფორმაცია საჯაროდ მას შემდეგ გაზიარდება, „ როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“.

კობახიძის მოადგილის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განმარტებით, აშშ-ის ადმინისტრაციას დადებითი პოზიციები აქვს წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში დავითაშვილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.

ასევე ნახეთ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს აშშ-ში ელჩი „უახლოეს ხანებში“ ეყოლება

ხუთი თვე ელჩის გარეშე

აშშ-ში საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პოსტიდან 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ვაშინგტონის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეთა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, უფლებადამცველების შეფასებით, პოლიციის გადამეტებული ძალის გამოყენება.

„ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ზალკალიანის გადადგომის დადასტურებისას 1 დეკემბერს.

ასევე ნახეთ „აშშ-ში ელჩი შერჩეული გვყავს“ - რა მიზეზებით იგვიანებს ელჩების დანიშვნა

ზალკალიანის გადადგომას ასევე წინ უძღოდა საქართველოს ელჩების გადადგომა ბულგარეთში, ნიდერლანდის სამეფოში, ლიეტუვასა და ჩეხეთში - მათ ღიად გამოხატეს პროტესტი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებების გამო.

ვინ არის თამარ ტალიაშვილი?

თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. ამ თანამდებობაზე დასანიშნად მას მოუწია დაეტოვებინა პარლამენტის დეპუტატის მანდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიით 2020 წლის ოქტომბერში მოიპოვა.

ასევე ნახეთ ევროსაბჭოს გენ. მდივნის თქმით, საქართველოში ვითარება „შეიძლება ბევრად უარესი ყოფილიყო“

10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე, რომელშიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან ერთად საუბარია „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე“.

თამარ ტალიაშვილი 2014 წლიდან 2020 წლამდე (ორი ვადით) იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ამ დროის განმავლობაში თავმჯდომარეობდა განათლებისა და კულტურის კომისიას.

მისი პროფესიული გამოცდილების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011 წელს წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნომინაციაზე, „ქალები საჯარო სამსახურში“. პოლიტიკაში წასვლამდე, თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო იურიდიული უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერი USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტში, გერმანული ფონდის, GIZ-ის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

როგორ დაინიშნება აშშ-ში საქართველოს ელჩი

აშშ-ში ელჩი, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარდგინებით, ამავე პარტიის მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა უნდა დანიშნოს.

„[პრეზიდენტი] მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“, - წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

თუმცა მანამდე „მასპინძელი ქვეყანა“ უნდა დაეთანხმოს შეთავაზებული კანდიდატის დანიშვნას. მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ გამოსცემს პრეზიდენტი ბრძანებას.

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ელჩს საქართველოდან აშშ-ში მიაქვს რწმუნებულების სიგელი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საქმიანობას.

ასევე ნახეთ რატომ დარჩნენ საქართველოს ელჩები უსაქმოდ?

აშშ-სთან ურთიერთობა

2024 წლის 30 ნოემბრს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.

საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.