უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 29 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამარსკის რაიონში რუსული დრონი სახლს მოხვდა. დაიღუპა 2012 წელს დაბადებული გოგო. დაშავდა ოჯახის კიდევ სამი წევრი, მათ შორის ერთი ბავშვი.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, სინელნიკოვის რაიონში დრონით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია აგრარულ საწარმოში. ნიკოპოლის რაიონში დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. დაიჭრა ერთი ადამიანი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ჩერნიგოვის ოლქის სემენოვსკის რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია კერძო სახლი.
რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის დესნიანსკის რაიონში მდებარე ტურბაზის სამსართულიან შენობაში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 100 დრონით. სარდლობის თანახმად, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 37 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 47 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
ასევე ნახეთ „ისევ მანიპულაციის მცდელობა", - ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზეღამის განმავლობაში 40 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 11 დრონი ჩამოაგდეს რიაზანის ოლქში, 8 - ნიჟნი-ნოვგოროდში, 7 - ორიოლის ოლქში, 4 - შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 4 - ყირიმში, 2 - მოსკოვის ოლქში, 1 - ბრიანსკში და 1 - კალუგის ოლქში.
ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არაფერს იუწყება.
ორიოლის ოლქის გუბერნატორ ანდრეი კლიჩკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, ერთ-ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსი მწერლის, ივან ტურგენევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის თავზე, ნამსხვრევებმა ხანძარი ღია სივრცეში გამოიწვია და თავად მუზეუმი არ დაზიანებულა.