მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ასევე ნახეთ დაჩი ბერაია ფინანსური პოლიციის უფროსად დაინიშნა

„ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი აპრილის დასაწყისში შეიცვალა - მას შემდეგ, რაც ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. მინისტრის თანამდებობას პაატა სალია იკავებს.

პაატა სალია მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატობამდე, იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში.

ასევე ნახეთ სუსში გრიგოლ ლილუაშვილს ანრი ოხანაშვილი შეცვლის, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იქნება

მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა 30 მარტს ამოეწურა. 9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი - პარლამენტი.

ტურავა პარლამენტის არჩეული მოსამართლე იყო, მისი ადგილმონაცვლის დასამტკიცებლად კი „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს, რადგან ოპოზიციამ უარი თქვა სადავო პარლამენტში შესვლაზე.

ტურავას უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე, თანამდებობა 5 წლით ადრე დატოვა უზენაესი სასამართლოს შერჩეულმა მოსამართლემ, შოთა კიკილაშვილმა. რომ არა მისი ეს გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდებოდა რევაზ ნადარაია, რომელიც მალევე აირჩიეს თავმჯდომარედ.