არასამთავრობოები: კოორდინირებული ჩხრეკა შიშის დამკვიდრების მცდელობაა

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოში არსებული სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი გმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელების ბინებში დღეს დილით პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას. მათი შეფასებით, ამით ხელისუფლებას სურს საზოგადოებაში შიშის დამკვიდრება.

„სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს“, - თქვეს ერთობლივ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მათი შეფასებით, ხელისუფლების სამიზნე გახდნენ ის „ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს“.

„ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან „ღია საზოგადოების ფონდი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ევროპის ფონდი“.

დღეს, 29 აპრილს, დილას პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში.

ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში იყვნენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები.

ასევე ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის ბინებში ჩხრეკა ტარდება
ასევე ნახეთ ჩხრეკა ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც
ასევე ნახეთ ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ბინაშიც
ასევე ნახეთ ჩხრეკა ჩატარდა ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის" დამფუძნებლის ბინაშიც

მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.

ასევე ნახეთ ჟორჟოლიანთან, ბაჯელიძესა და სამ პირთან ჩხრეკა „საბოტაჟის საქმეზე“ ტარდება - აცხადებს პროკურატურა

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.

ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.

ასევე ნახეთ ფონდების ანგარიშები ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს

„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

ასევე ნახეთ აქციის მონაწილეთა დახმარების გამო პროკურატურის მოთხოვნით ხუთი ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და "სინდისის პატიმრების" გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.