ევროკომისია ჩადებს 910 მილიონი ევროს ინვესტიციას ევროპის თავდაცვის ფონდში (EDF) ევროპაში ძლიერი და ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრიის შესაქმნელად. ეს ინვესტიცია გამიზნულია მნიშვნელოვანი სიცარიელეების ამოსავსებად, როგორებიცაა ძალების მობილურობა და დრონებით თავდაცვა - ევროპის მეცნიერებისა და მრეწველობის კოლაბორაციით ინოვაციების დანერგვის გზით.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, პირველად იქმნება შესაძლებლობა, EDF-ის პროექტებს შეუერთდეს უკრაინის თავდაცვის მრეწველობა.
უკრაინისა და ევროპის თავდაცვის წარმოებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება დაეხმარება „ევროკავშირის თავდაცვითი ინოვაციის ოფისს“ კიევში, რომ მოახდინოს უკრაინის შემდგომი ინტეგრაცია ევროპის თავდაცვითი მრეწველობის ბაზაში.
EDF-ში ინვესტირება გააძლიერებს ევროპის თავდაცვით ინდუსტრიას, ევროკომისიის „ევროპის გადაიარაღების გეგმა/მზადყოფნა 2030“ (ReArm Europe Plan/Readiness 2030)-ის შესაბამისად პანევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების განსამტკიცებლად.
2021-2027 წლებისთვის EDF-ის ბიუჯეტი 7,3 მლრდ ევროს შეადგენს და ის არის ევროკავშირის უპირატესი ინსტრუმენტი თავდაცვითი კვლევისა და განვითარების მხარდასაჭერად. ის ხელს უწყობს ყველა ზომის კომპანიისა და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობას ევროკავშირსა და ნორვეგიაში.