სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობების განხილვისას ყურადღებას ამახვილებს რეგიონების "რუსიფიკაციის" პოლიტიკის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე. მათგან ერთ-ერთი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ ხაჯი კადიროვის ფონდის დაფინანსებით ცხინვალში ხელოვნების სკოლის მშენებლობაა.
ღია წყაროების მიხედვით, ამ სკოლის მშენებლობა 2024 წლის ზაფხულში დაიწყო - მშენებლობის დაწყებისას კაფსულის ჩადებისას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი ახმად დუდაევიც ესწრებოდა. პროექტის პრეზენტაციაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს სამხრეთ ოსაფრთხოების ძალებისთვის გაწეული დახმარების გამო.
კადიროვის სახელობის ხელოვნების სკოლის მშენებლობის დაწყებისას კაფსულის ჩადების ცერემონიალი
სუს-ის ინფორმაციით, კადიროვის სახელობის ხელოვნების სკოლა მხოლოდ ერთი გამოხატულებაა საგანმანათლებლო პროგრამების "რუსიფიკაციის." ამავე ტენდენციის ნაწილია:
- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველებისგან „მტრის ხატის“ შექმნა/გაძლიერების მცდელობები. ოკუპირებული გალის რაიონის მოსწავლეებში სამხედრო თემატიკის შემოტანა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არღვევს და მათ ინდოქტრინაციას ემსახურება.
- ოკუპირებული გალის რაიონში „რუსული გეოგრაფიული საზოგადოების“ ე.წ. წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული კლუბის გახსნის დაანონსება - იქ უკვე ფუნქციონირებს „როსსოტრუდნიჩესტვოს რესურს ცენტრი“.
- „საბავშვო ბანაკები“ გალის რაიონის მოსწავლეებისთვის, რომლებიც, ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის არჩევაში ეხმარება. რუსეთი ცდილობს ახალგაზრდებმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონში განაგრძონ. აღწიშწული ე.წ. ბანაკების ფუნქციონირებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „საერთო საგანმანათლებლო ორგანიზაციების“ შექმნის პერსპექტივა.
"მსგავსი „საგანმანათლებლო პროექტების“ მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის რუსიფიკაცია, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გაუცხოება, მათი ქართული სახელმწიფოებრივი სივრცისგან მოწყვეტა და სრულად რუსულ ორბიტაზე მოქცევა" - წერს სუს-ი 2024 წლის ანგარიშში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ სუსის ვარაუდით, ოჩამჩირეში რუსეთი არა სამხედრო საზღვაო-ფლოტის მუდმივ ბაზას, არამედ საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალს ამზადებსბოლო ანგარიშს ხელს აწერს სუსის ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამ უწყების უფროსად ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს დაამტკიცა. სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ, თავდაპირველი ვერსიით, რეგიონული განვითარების მინისტრად უნდა დანიშნულიყო, ამ დრომდე არ დანიშნულა სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე.
ანრი ოხანაშვილის ხელმოწერილ ანგარიშში დასავლეთი პირველად არის დასახელებული, როგორც დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების მწარმოებელი საქართველოში.
"უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები", - ნათქვამია სუსის უახლეს ანგარიშში.