„პაკისტანი ფლობს სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ინდოეთი აპირებს სამხედრო ქმედების განხორციელებას პაკისტანის წინააღმდეგ მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში“, - აცხადებს პაკისტანის ინფორმაციის მინისტრი ატაულა ტარარი. ეს ვიდეოგზავნილი მან გასულ ღამეს X-ზე გაავრცელა.
ამ ბრალდებაზე არ ყოფილა მყისიერი პასუხი ინდოეთიდან. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (რთე/რთ) კომენტარისთვის დაუკავშირდა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.
ტარარს არ გაუმხელია დეტალები, რა მტკიცებულებები გამოიყენა პაკისტანმა ბრალდების საფუძვლად, თუმცა დასძინა, რომ ისლამაბადი „აუცილებლად და გადამჭრელად“ უპასუხებს ინდოეთის ქმედებას.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ ფხიზელი თვალით უნდა შეხედოს იმ რეალობას, რომ დაძაბულობის აღმავალ სპირალსა და მისგან მომდინარე შედეგებზე პასუხისმგებლობის ტვირთი სრულად ინდოეთს ეკისრება“, - აცხადებს ტარარი.
მის ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე შეიარაღებულმა პირებმა ჰიმალაის მთებში მდებარე ქალაქ პაჰალგამში (ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში) დახოცეს 26 ადამიანი. თავდასხმას მთელ ინდოეთში მოჰყვა მასშტაბური პროტესტი და ბირთვული იარაღის მქონე მეზობელი ქვეყნები - ინდოეთი და პაკისტანი კონფლიქტის ზღვარს მიუახლოვა.
ინდოეთმა მალევე დაადანაშაულა პაკისტანი თავდასხმასთან კავშირში და განაცხადა, რომ სამიდან ორი სავარაუდო თავდამსხმელი პაკისტანელები იყვნენ. ისლამაბადმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება და გამოძიებისკენ მოუწოდა ინდოეთს.
ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობას არ გაუვრცელებია ცნობა რაიმე მყისიერი სამხედრო მოქმედების გეგმაზე, თუმცა ის 29 აპრილს შეხვდა კაბინეტის წევრებს. ინდოეთის მედია, ანონიმურ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოდიმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მისცა „ოპერატიული მოქმედების სრული თავისუფლება ტერორისტულ თავდასხმაზე რეაგირების ხასიათის, სამიზნეებისა და დროის განსაზღვრაში“.
22 აპრილის ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ნაკლებად ცნობილმა დაჯგუფებამ, რომელიც თავის თავს „წინააღმდეგობის ფრონტს“ უწოდებს, თუმცა შეუძლებელია სოციალური მედიით გავრცელებული ამ განცხადების შემოწმება. ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს დაჯგუფება დაკავშირებულია პაკისტანში არსებულ „ლაშქარ-ე-თაიბასთან“, რომელიც გაეროს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის შერაცხილი.