ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის დღის ღონისძიებას არ დაესწრება

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ დაესწრება თბილისში დაგეგმილ ევროპის დღის ღონისძიებას, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ.

„[არ ვიქნებით], პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული. პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მოგვიანებით მედიასთან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ:

"ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ დავპატიჟეთ ყველა, ალბათ ნახეთ ჩვენი კამპანია მედიასა და სოციალურ მედიაში. პოსტერებზე, მე ვიმედოვნებ, რომ ბევრი ადამიანი გვიხილავს, მოვა და აღნიშნავს ევროპის დღეს ჩვენთან ერთად - მეგობრებთან, ოჯახის წვერებთან ერთად. თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენ არ გაგვიგზავნია პერსონალური მოსაწვევები ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვწუხვართ, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს გარეშე ტარდება“.

ევროპის დღე, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე, ყოველ 9 მაისს აღინიშნება.

იყო დრო, როცა ევროპის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პომპეზურად აღნიშნავდა. მაგალითად, 2016 წელს, ხელისუფლების ჩართულობით, კვირეულიც კი მოეწყო.

თუმცა წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პარტნიორი ქვეყნები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმაში, რაც გამოიხატა მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდველი კანონების მიღებაში, აქციების ძალის გამოყენებით დაშლასა და საჯარო განცხადებებში.

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, 2024 წლის 28 ნოემბერს კი “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.


ასევე ნახეთ “წინააღმდეგობის გარეშე საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის პროვინციად” - გენადი გუდკოვი
ასევე ნახეთ უვიზო მიმოსვლა გამორიცხავს პატრიოტიზმს? - "ოცნება" არჩევანს ხალხის სახელით აკეთებს