ლუკაშენკამ ყაველაშვილს გამარჯვების დღე მიულოცა

ფოტოკოლაჟი: მარცხნიდან ალიაქსანდრ ლუკაშენკა და მიხეილ ყაველაშვილი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა უცხოელ ლიდერებს. მილოცვა მან გაუგზავნა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსაც, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს ქართული ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი.

ლუკაშენკას სიტყვებით, 9 მაისი „ყველა იმ ადამიანის უბადლო გამბედაობისა და სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც ფრონტზე იბრძოდა ფაშიზმთან და ზურგში იღვწოდა მშობლიური მიწის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“.

„ბელარუსელებმა და ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი საერთო სამშობლოს ყავისფერი ჭირისგან განთავისუფლებაში. მინსკი პატივს მიაგებს სერგო ჭიღლაძისა და მირზა გელოვანის ხსოვნას, რომლებმაც უკვდავი გმირობა ჩაიდინეს ბელორუსიისთვის ბრძოლებში და ჩვენთვის საქართველოს მამაცი შვილების სამხედრო სიმამაცის განსახიერებად იქცნენ. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული გმირებისადმი უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა კვლავაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ რუსეთი და ბელარუსი ბალტიის ქვეყნებსაც ემუქრებიან ერთობლივი წვრთნებით

ლუკაშენკამ მილოცვა გაუგზავნა დსთ-ს ქვეყნების, საქართველოს, სლოვაკეთის ლიდერებს, ასევე უკრაინელ და მოლდოველ ხალხს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), ისრაელის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.

ასევე ნახეთ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს

გასული წლის ბოლოს ალიაქსანდ ლუკაშენკამ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ხოლო ყაველაშვილმა ლუკაშენკას მიმდინარე წლის თებერვალში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიულოცა.

ასევე ნახეთ “კრემლის მსახურად იქცა” - პაველ ლატუშკა ლუკაშენკაზე, ბელარუსზე, პარალელებზე საქართველოსთან