„იმედის“ თანამშრომელზე ძალადობის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული

შაკო ნათენაძე "იმედის დილაში" ხმის რეჟისორად მუშაობდა.

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლის, 24 წლის შაკო ნათენაძის ცემის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული - გამოძიება ამ შემთხვევაზე, რომელმაც ნათენაძის სიცოცხლე იმსხვერპლა, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.

როგორც სოციალურ ქსელში დაწერეს ნათენაძის ახლობლებმა, მას უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შაკო ნათენაძე მიყენებული დაზიანების შედეგად 10 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, იგი 13 მაისს დაკრძალეს. პირი კი, რომელმაც მასზე იძალადა, 7 მაისს დააკავეს.

ტელეკომპანია "იმედს", რომლის დილის გადაცემაშიც გარდაცვლილი ხმის რეჟისორად მუშაობდა, მომხდარი ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია სრულად არ გაუვრცელებია - მათ დაკრძალვის დღეს თქვეს, რომ შაკო ნათენაძე კლინიკაში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა "მან ვერ შეძლო დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა."

"მიუღებელი და ამორალურია ამ უმძიმესი სიტუაციის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ან "იმედზე" თავდასხმისთვის გამოყენება", - ეს პოზიცია "იმედის დილის" ეთერში ერთ-ერთმა წამყვანმა 14 მაისის დილას გააჟღერა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ღიად მხარდამჭერი ტელევიზია საზოგადოების ნაწილმა თავის თანამშრომელზე ძალადობის ფაქტის დამალვაში დაადანაშაულა.