საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ პოსტზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა. ონლაინგამოცემა ამ ამბავს, როგორც "შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრს", ისე აფასებდა და წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს. გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული ალიანსის ნაწილი იყო, - წერს გამოცემა.
"გაეროს სააგენტომ უნდა ეძებოს მშვიდობა და შერიგება და არა განხეთქილება. რუსეთის ფედერაციის ჩართვა ამ განტოლებაში იმ რთულ გეოპოლიტიკურ დროს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ეწინააღმდეგება ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტს, რაც ამ ორგანიზაციას სჭირდება", - ნათქვამია სტატიაში.
The Diplomat-ი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით, "გაეროს სისტემაში პრეცედენტი" დააწესა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურად მოტივირებულად" თვლიდა, პოლოლიკაშვილი კი ამბობდა: "ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ".
ასევე ნახეთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებასსაქართველოს მთავრობა, რომელიც საამიროების კანდიდატის მხარდაჭერას ადასტურებს, ამბობს, რომ თავად გაიწვია თავისი მხარდაჭერილი კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. თავად პოლოლიკაშვილს ამ თემაზე მედიასთან ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.
აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, - ასეთია მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილი კომენტარი ამ საკითხზე.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარდა, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატურებს წარადგენენ მექსიკა, საბერძნეთი, განა და ტუნისი.
პოლოლიკაშვილისთვის საქართველოს მთავრობის ნდობის შეწყვეტას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც - მისი შეფასებით, ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან რუსეთისკენ გადადგმული და საქართველოს ინტერესებისგან დაშორებული კიდევ ერთი ნაბიჯი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლოლიკაშვილის გუნდში რამდენიმე თვის წინ მუშაობა დაიწყო საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩეხეთში, თეა მაისურაძემ. მან დიპლომატიური სამსახური 2024 წლის დეკემბერში დატოვა, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და თბილისში პროევროპულ, ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეებზე მასობრივი ძალადობის ფონზე.
პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ, 2017 და 2021 წლებში, თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.