შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ერთი ადამიანის დაკავებაზე, რომელიც 14 მაისის გამთენიას თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სხვა ავტომობილს დაეჯახა. მანქანა, რომელშიც ოთხი მგზავრი იჯდა, მტკვარში გადავარდა - მათგან სამს მაშველები ამ დრომდე ეძებენ მდინარეში, ერთმა კი მანქანის ვარდნისას გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდანაც ამოვიდა.
დაკავებული მძღოლი 23 წლის კაცია - ის თბილისში დააკავეს.
"ი.ს. - მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა", - წერს შსს.
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს - ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველ წელს 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება და 10 000-მდე იღებს მნიშვნელოვან დაზიანებებს.