ანტალიაში გაიმართა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე ანტალიაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე

14-15 მაისს ანტალიაში გაიმართა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ალიანსის მოგერიებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ჰააგის სამიტისთვის მზადებაზე სამსჯელოდ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ თავდაცვითი ხარჯების ახალი ნიშნულის განსაზღვრა სამიტის მთავარ შედეგად უნდა იქცეს, ვინაიდან არსებული 2%-იანი მიზანი „თითქმის აღარ არის საკმარისი“.

„დაგვჭირდება უფრო დიდი ინვესტიცია ჩვენი ძირითადი სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე უფრო ფართო დამატებითი თავდაცვითი ინვესტიციები, ინფრასტრუქტურისა და მედეგობის უზრუნველყოფის ჩათვლით“, - განაცხადა რიუტემ და აღნიშნა, რომ ამას აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული მნიშვნელობა. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საკმარის თანხას ვხარჯავდეთ მთელ ნატოში ჩვენი უსაფრთხოებისთვის“. რიუტე თვლის, რომ ცვლილებები გადამწყვეტი იქნება ნატოს ახალი შესაძლებლობების მიზნების მისაღწევად და აგრესიის მოსაგერიებლად.

ასევე ნახეთ გერმანიის ახალი კანცლერის ევროპული ტურნე - მას შინაც და გარეთაც უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი

მარკ რიუტემ შეაქო ნატოს წევრები ტვირთის სამართლიანად გაზიარების კუთხით მზარდი დაპირებების წარმოდგენისთვის, რითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ „სწორ გზაზე ვდგავართ“. „მოკავშირეთა უმრავლესობა ახლა მომართულია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-იანი ხარჯის თავდაპირველი მიზნის წელსვე მიღწევაზე და უკვე გამოაცხადეს ბევრად შორს მიმავალი გეგმები“.

გენერალურმა მდივანმა კვლავ დაადასტურა ნატოს გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისათვის, ხაზი გაუსვა ომის სამართლიანად და ხანგრძლივად შეწყვეტის ძალისხმევას - როგორც პრიორიტეტს ყველა მოკავშირისთვის. „მოგვარების თუ ვერმოგვარების პირობებში, ნათელია, რომ უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

ნატოს მორიგი სამიტი 2025 წლის 24-26 ივნისს ჰააგაში ჩატარდება. მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად არ იქნება მიწვეული ნატოს სამიტზე. გავრცელებული ცნობებით, ზელენსკის სამიტზე მიწვევას აშშ ეწინააღმდეგება. ნიდერლანდს უდიდესი წვლილი შეაქვს ალიანსის თავდაცვაში.

ასევე ნახეთ რუსეთი და ბელარუსი ბალტიის ქვეყნებსაც ემუქრებიან ერთობლივი წვრთნებით


ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის