ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯეი დი ვენსი რომში შეხვედრისას, 18 მაისი, 2025 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, შეხვდა.

ზელენსკი შეხვედრის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს და ამბობს, რომ „კარგი შეხვედრა ჰქონდათ“.

ის მადლობას უხდის ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და სიცოცხლეების გადარჩენისთვის:

„განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.

ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და ტყვეების გაცვლის მოახლოებულ პროცესს. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ დათანხმდებიან. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

ეს იყო ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის პირველი შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში თებერვალში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შემდეგ.

ასევე ნახეთ ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შელაპარაკება მოხდა