ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო - გერმანიის ელჩი ბათუმში მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე "ფორმულასთან" საუბრობს - მოკლე კომენტარში ის ლაპარაკობს შეურაცხყოფის პარალელურად სხვა მოქალაქეებისგან მიღებულ მხარდაჭერაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, და ასევე საქართველოსა და გერმანიის მეგობრობაზე, რომელიც კვლავ გაგრძელდება.

განცხადების ფონია 18 მაისს ბათუმში, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ვალერი ქოჩიაშვილის მხრიდან ელჩისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც პროპაგანდისტული არხების საშუალებით გავრცელდა მანამ, სანამ საელჩო ამ ფაქტს დაადასტურებდა. ელჩი ბათუმში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად.

"საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობა გაგრძელდება. მე პირადად საქართველოს მეგობარი ვარ და ჩემი საქმეა, გავაკეთო ყველაფერი, რომ გავაგრძელოთ მეგობრობა, რომელიც ახლა დაძაბულია.

ბათუმში მე ცოლთან ერთად ვსეირნობდი. გამოჩნდა ვიღაც კაცი, რომელმაც დაიწყო ყვირილი. ქართველმა ქალმა და კაცმა, რომლებთან ერთადაც ვიყავით, უთხრეს, რომ დაწყნარებულიყო და წასულიყო. ანალოგიურისაკენ მოუწოდეს სხვა ქართველებმაც, რომლებიც ჩვენ გარშემო იდგნენ. რაც სიმშვიდის მიზეზია, არის ის, რომ მას არავინ შეუერთდა და ყველა, ვინც იქ იყო, უთხრა, რომ არასწორი იყო. და ის წავიდა.

ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მივიღე უამრავი შეტყობინება და აქაც მოვიდნენ და მითხრეს, რომ შეწუხებულები არიან. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო", - ამბობს ელჩი ფიშერი "ფორმულასთან" კომენტარში.

ელჩის ამ კომენტარს წინ უსწრებდა საელჩოს მხრიდან ფაქტის დადასტურება. აქცენტი იყო იმაზე, რომ პიტერ ფიშერზე თავდასხმის ადგილას პოლიცია არ ყოფილა.

"საელჩო მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - ამ ტექსტით დაუდასტურა საელჩომ მედიას 20 მაისს ელჩთან დაკავშირებული ინციდენტი.

ასევე ნახეთ კობახიძე „ჩარევას“ უწოდებს ამაღლობელის სასამართლოზე ელჩების დასწრებას

გერმანიის ელჩისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ამ თემაზე ვრცელი პოსტი დაწერა ერთპარტიული და სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მან დასავლელი დიპლომატები ქართულ სასამართლოზე ზეწოლაში, გერმანიის ელჩი კი გერმანიის კონსტიტუციის დარღვევასა და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფაში დაადანაშაულა.

"რამდენიმე დღის წინ მან [გერმანიის ელჩმა - რ.თ.] ინტერვიუ პლაკატის - "თავისუფლება მზიას" - ფონზე ჩაწერა. ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა. იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ "დაკვირვების" მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამდე მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას "დიდი ძმა" აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის. მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა, ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი "თვალთვალი", ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა", - ეწერა ფეისბუკში შალვა პაპუაშვილის გვერდზე 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში. აქვე მან ელჩი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მდგარა ასევე ბანერის ფონზე, რომელზეც "მონა" ეწერა.

"ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა, სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს?

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა "ცუდად საუბარი" ან „თავდასხმა“, არამედ "ლეგიტიმური კრიტიკაა", რომელსაც პასუხი სჭირდება", - ასე სრულდებოდა შალვა პაპუაშვილის პოსტი.

გერმანიის ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

"მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში „ქართული ოცნებიდან“, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. მინდა, რომ ჩემი მხრივ და ასევე ამაში მინდა გავაერთიანო წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა ბატონი ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს, აფასებს", - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა 21 მაისს გააკეთა.

ასევე ნახეთ "გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან“ - "ოცნება" ევროკავშირის ელჩს უპირისპირდება