უკრაინის დაზვერვის ცნობით, ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში „კადიროველები“ ააფეთქეს

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა უკრაინასთან საომრად 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შექმნა მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ბატალიონები.

უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ჩეჩნური ქვედანაყოფის, „ახმატის“ წევრების ავტომანქანა ააფეთქეს.

ოთხი „კადიროველი“ ოფიცრის აფეთქების შესახებ დღეს, 22 მაისს იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო. მისი ინფორმაციით, ავტომანქანა „УАЗ Patriot-ი" 20 მაისს აფეთქდა ხერსონის ოლქის სკლადოვსკის რაიონთან.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ავტომობილში იმყოფებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ქვედანაყოფის, „ახმატის“ ოთხი ოფიცერი და ვერცერთი ვერ გადარჩა.

დაზვერვის მთავარი სამმართველო პირდაპირ არ ამბობს, რომ აფეთქება უკრაინის ოპერაცია იყო, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა სამხედრო დანაშაულს სამართლიანი ანგარიშსწორება მოჰყვება.

ასევე ნახეთ როცა კადიროვი „ახმატის“ წარმატებებზე წერს, ორი ჩეჩენი მებრძოლი უკრაინის მხარეზე გადავიდა
ასევე ნახეთ როგორ ხვდებიან უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩეჩნეთში

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა უკრაინასთან საომრად 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შექმნა მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ბატალიონები.