თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს. სხდომის გამო დილიდან ჩაკეტილია სასამართლოს ეზო და შეზღუდულია შენობაში პირთა შესვლა და მედიის მუშაობა.
დაკავებულთაგან ორი ქალია, სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია. მესამე, რომელიც აქტივისტი ქალების დაკავებამდე დააკავეს სასამართლოს ეზოსთან, არის კაცი, რომლის ვინაობაც რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
სალომე კენჭიაშვილისა და ალბი კორძაიას სავარაუდო დაკავება ჩანს ალბი კორძაიას ლაივ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია სასამართლოსთან ახლომდებარე კვების ობიექტში, სადაც ისინი ყავის დასალევად იყვნენ შესული. ერთ-ერთი პოლიციელი კორძაიას ეუბნება, რომ ყავა აიღოს და ტერიტორია დატოვოს.
„ვდგავარ აქ იმისთვის, რომ ყავა დავლიო, მოქალაქე ვარ და სადაც მინდა, იქ დავლევ ყავას, თქვენ თავი მართლა რუსეთში ხომ არ გგონიათ?!“ - მიმართა ალბი კორძაიამ პოლიციელებს.
მოგვიანებით, როცა აქტივისტებმა ყავა აიღეს, ვიდეოში ისმის, სავარაუდოდ, პოლიციელის ხმა: „აიღე შენი ყავა და დატოვე“, რაზეც ალბი კორძაია პასუხობს: „არა, ხელი გამიშვი“. მალევე ჩანაწერი წყდება.
სალომე კენჭიაშვილის დის ინფორმაციით, დაკავებულები აეროპორტის გზაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობაში არიან გადაყვანილი.
სამინისტროს პრესსამსახური მასალის გამოქვეყნების დროისთვის არ აკონკრეტებს, რა მუხლით არიან ისინი დაკავებული და არც მათი ადგილსამყოფლის ან ვინაობის შესახებ გასცემს დეტალებს. უწყებისგან კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ზურა გირჩი ჯაფარიძის სასამართლო სხდომა დღეს, 3 საათზე იყო დანიშნული - ის თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაპატიმრებას ელოდება. სასამართლო პროცესი, რომელიც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს, მედიისა და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად დახურულ რეჟიმში იმართება - მედიას კამერებით შესვლის უფლება არ მიეცა, დარბაზში კი სადაც პროცესია, მხოლოდ 15 ადამიანი ეტევა.