საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნიუ იორკში მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა, ექსტრადირებულია მოლდოვიდან აშშ-ში

2024 წლის ივლისში მოლდოვას უსაფრთხოების სამსახურებმა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, თბილისელი, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 23 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე, თბილისელი, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, აგრეთვე ცნობილი როგორც "მიშკა", “ყასაბი მეთაური” და “მეთაური”, 22 მაისს ექსტრადირებული იყო მოლდოვიდან აშშ-ში.

ის 23 მაისს ბრუკლინში მდებარე ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება. მისი ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა.

“თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა დაჯგუფების “მანიაკალური მკვლელობის კულტის” ლიდერი სხვებს ქირაობდა ებრაული თემისა და რასობრივი უმცირესობების ასაფეთქებლად და მოსაწამლავად” - ვკითხულობთ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში მას მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედება ბრალი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჩხიკვიშვილი, „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე იყო და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკალური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამ დაჯგუფებას ასევე უწოდებენ “მანიაკებს”, MKY-ს, MMC-სა და MKU-ს.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, MKY-ს იდეოლოგიის მსახურებისთვის ძალადობრივი ქმედებების ჩასადენად ჩხიკვიშვილი ხალხს ქირაობდა, მათ შორის მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმების დასაგეგმავად და ჩასადენად ქალაქ ნიუ იორკში.

„ეს შემთხვევა არის იმის სასტიკი შეხსენება, რა სახის ტერორიზმის წინაშე ვართ დღეს: ონლაინ ქსელებით ხდებოდა ენით აუწერელი ძალადობის აქტების დაგეგმვა ბავშვების, ოჯახებისა და ებრაული თემების წინააღმდეგ ამორალური, ექსტრემისტული იდეოლოგიის მსახურებისთვის” - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ - „იუსტიციის დეპარტამენტი არ მოითმენს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს და ჩვენ განვახორციელებთ იმ პირების დევნას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა: „მოპასუხეს ბრალად ედება სხვების დაქირავებაში ებრაელების დასახოცად, რასობრივი უმცირესობების დასახოცად და ინსტრუქციების მიცემაში სხვა სასიკვდილო თავდასხმების განსახორციელებლად - მათ შორის არდადაგებზე ბავშვების ტკბილეულით მოსაწამლავად. ეს არის საზარელი ბრალდებები და FBI-სა და მოლდოვის ხელისუფლების მუშაობისა და პარტნიორობის წყალობით, მიხეილ ჩხიკვიშვილი ჩამოყვანილია აშშ-ში ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში პასუხისგებისთვის”.

ნიუ იორკის აღმოსავლეთ რაიონის პროკურორმა ჯოზეფ ნოჩელამ განაცხადა, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილი აპირებდა მასობრივი მკვლელობების მოწყობას საწამლავის, თვითმკვლელი ბომბების, ცეცხლსასროლი იარაღის, ხანძრისა და ავტომობილის აფეთქებით. ნოჩელას თქმით, 22 მაისის ექსტრადიცია არის „გიგანტური ნაბიჯი“ ჩხიკვიშვილის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად: „ჩვენი სამშობლოს, ქალაქის, რაიონისა და ქვეყნის დაცვა ძალადობრივი ექსტრემისტებისგან ყოველთვის იქნება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩემი უწყების უმთავრეს პრიორიტეტებს შორის“.

ჩხიკვიშვილს სურდა, რომ მის მიერ დაგეგმილი თავდასხმები ყოფილიყო „ბრეივიკის მოქმედებაზე დიდი“ - გულისხმობდა ანდრეს ბრეივიკს, ნორვეგიელ ნეონაცისტს, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი დახოცა აფეთქებითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

ასევე ნახეთ აშშ-ში ბრალი წაუყენეს ქართველს, რომელიც რასობრივ ნიადაგზე ბავშვების მასობრივად მოწამვლას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩხიკვიშვილი სხვებს ელაპარაკებოდა თავის გეგმაზე და მის მიერ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე ბრუკლინში 2022 წელს. ჩხიკვიშვილი სხვებს ამხნევებდა, რომ „მოხარული იყო“, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რომ „მეტს დახოცავდა“, თუმცა მანამდე „სხვებს დაახოცინებდა“.

ჩხიკვიშვილის მიერ ძალადობის პროპაგანდამ შედეგად მოიტანა მრავალი თავდასხმა და მკვლელობა მთელ მსოფლიოში. 2024 წლის აგვისტოში ერთმა პირმა ლაივსტრიმში ჩართო როგორ აყენებდა ჭრილობებს დაახლოებით ხუთ პირს თურქეთში, ესქიშეჰირში მდებარე მეჩეთთან. მას ეცვა ნაცისტური სიმბოლოებით გაფორმებული ჟილეტი. თავდასხმამდე ამ პირმა გაავრცელა „მოძულეთა სახელმძღვანელოს“ ბმული, რომლის ავტორია ჩხიკვიშვილი.

თუკი ბრალი დაუმტკიცდება, მიხეილ ჩხიკვიშვილს მაქსიმუმ 20-წლიანი პატიმრობა ელის ძალადობრივი დანაშაულის (სიძულვილის დანაშაულის აქტებისა და მკვლელობისა და დაზიანების განზრახვით ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანსპორტირების ჩათვლით).