მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას

რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთ საწარმოში გაჩენილი ხანძარი. 2025 წლის 2 ივნისი

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მიიტანეს მორიგი იერიში, რომელსაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მორიგი საავიაციო დარტყმის ქვეშ, რომელსაც თან ახლად საარტილერიო შეტევაც, 16 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. დაიღუპა 5 და დაიჭრა 9 ადამიანი. დაზიანებულია სახლები.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქის ორ რაიონში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია სამოქალაქო საწარმო და რამდენიმე კერძო სახლი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ნიკოპოლის და მარგანეცის რაიონებში 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, სახანძრო ნაწილი, მაღაზია და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. საწარმო დაკონკრეტებული არ არის.

ასევე ნახეთ ზელენსკი: დრონების ოპერაცია „ობობას ქსელის“ „ოფისი“ რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის მეზობლად იყო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 2 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა Shahed-ის ტიპის 80 დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა სახეობის უპილოტო-იმიტატორები და 3 ბალისტიკური და 1 ფრთოსანი რაკეტა.

სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ უკრაინის აღმოსავლეთში, სამხრეთსა და ჩრდილოეთში გაანადგურა ან გააუვნებელყო 52 დრონი.