ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპი: პუტინმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება უპასუხოს საჰაერო ბაზებზე თავდასხმას

ფოტოკოლაჟი. ტრამპი (მარცხნივ) და პუტინი

4 ივნისს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარმა 1 საათსა და 15 წუთს გასტანა. საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს აშშ-ის პრეზიდენტი:

„განვიხილეთ რუსეთის ბაზირებულ თვითმფრინავებზე უკრაინის თავდასხმა, აგრეთვე სხვა თავდასხმებიც, რომლებსაც ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ის საუბარი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა და ძალიან ძლიერად, რომ ის იძულებული იქნება უპასუხოს საჰაერო ბაზებზე ბოლოდროინდელ თავდასხმას".

ტრამპი აგრეთვე წერს, რომ საუბარი შეეხო ირანთან მოლაპარაკებებსაც:

"ჩვენ განვიხილეთ აგრეთვე ირანი და ფაქტი, რომ დრო იწურება ატომური იარაღის შესახებ ირანის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული! მე განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ატომური იარაღი და ამაზე, მჯერა, ვთანხმდებით.

ასევე ნახეთ კრემლი ავრცელებს კომენტარს ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე

პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ირანთან განხილვებში და რომ მას ალბათ შეუძლია ხელი შეუწყოს სწრაფ დასრულებას. ჩემი აზრია, რომ ირანი ფეხს ითრევს გადაწყვეტილების მიღებაზე ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და მე დამჭირდება განსაზღვრული პასუხი ძალიან მოკლე დროში!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ უკრაინული თავდასხმების სამი დღე და დადუმებული პუტინი