OC Media-ს დამფუძნებლისა და ფოტოგრაფის საჩივრის პასუხად მიღებულ დადგენილებაში ნახსენები არ არის, რომ ნიკურაძე იმ დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.
ჯარიმა, რომლის გაუქმებაზეც შსს-მ ჟურნალისტს განუცხადა, 11 მარტს რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვას“ ეხება. ნიკურაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იმ დღეს, როგორც ყოველთვის, როცა აქციებს აშუქებს, ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი და ჰქონდა ფოტოკამერა.
ნიკურაძის მსგავსად ჯარიმის გაუქმებაზე უარის წერილები მიიღეს:
- „მედია აპრილის“ დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ;
- „პუბლიკის“ ჟურნალისტმა ბასტი მგალობლიშვილმა.
რადიო თავისუფლებამ შსს-ს პრესსამსახურში იკითხა, რატომ აჯარიმებს უწყება ჟურნალისტებს მაშინ, როცა ისინი პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
OC Media-ს ჟურნალისტს მსგავსი კიდევ სამი ჯარიმა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ჯამში 20 000 ლარით დააჯარიმა. მას გასაჩივრებული აქვს დანარჩენი სამი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმიც.
მარიამ ნიკურაძე „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024-ის" ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2024 წლის დეკემბერში ის დააჯილდოვა ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის.
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
პოლიციამ დააჯარიმა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჟურნალისტების ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარიმო ქვითრები გაუუქმა. დაჯარიმებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები. მათგან გელა ბოჩიკაშვილის განცხადების განხილვის ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე გაახანგრძლივეს. ვადის ამოწურვის მიუხედავად, მათ პასუხი არ მისვლიათ.