ზედიზედ მეორე ღამეა რუსეთის ჯარები ხარკოვს დრონებით უტევენ

ხარკოვზე რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო 11 ივნისსაც

12 ივნისს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ისევ შეუტიეს უკრაინის ქალაქ ხარკოვს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაფიქსირებულია 11 დარტყმა, კიდევ ერთი დრონი კი არ აფეთქდა.

ტერეხოვის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

ხარკოვის მერის თანახმად, ხანძრები გაჩნდა სახლებსა და სასწავლო დაწესებულებებში, დანგრეულია არასაცხოვრებელი შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება.

ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებზე რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო 11 ივნისსაც. დაიღუპა 5 და დაშავდა 60 ადამიანი.

ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ცეცხლმოკიდებული სახლი და დამწვარი ავტომანქანა. 2025 წლის 11 ივნისი

განახლება: 12 ივნისს, დილის 8 საათისთვის ხარკოვის საოლქო პოლიციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში ქალაქზე შეტევის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღი და მაღაზია.