უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსად იქცევა - ევროპარლამენტარი კოლსი

რიჰარდს კოლსი ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმაურება.

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი („ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი“) ქართველი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მორიგ ჯერზე დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად იძირება ავტოკრატიაში.

„საქართველო სულ უფრო და უფრო იძირება ავტოკრატიაში. ოპოზიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააპატიმრეს, რის შედეგადაც ის შეუერთდა [ნიკა] მელიასა და [ზურაბ] ჯაფარიძეს ციხეში“, - წერს ევროპარლამენტის წევრი.

„[ბიძინა] ივანიშვილი აძლიერებს კონტროლს, თრგუნავს განსხვავებულ აზრს და აქრობს სასამართლო დამოუკიდებლობას. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსად იქცევა“, - წერს რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე.

პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია - რომელიც დღეს სასამართლოს სხდომის პარალელურად თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, - დააკავეს.

პოლიციის თანამშრომლებმა ის პენიტენციურის მისაღებიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ უკვე ციხეში შეასახლებენ.

გვარამიას პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ჯერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე და შემდეგ არ გადაიხადა გირაო, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაეკისრა.

ასევე ნახეთ ნიკა გვარამია დააკავეს

„მეოთხედ შევდივარ ციხეში და მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც მიეჩვივნენ, რომ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში ორ წელიწადში ერთხელ“, - უთხრა ჟურნალისტებს გვარამიამ ციხის შესასვლელთან.

„ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური პარლამენტის ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ კომისიის სხდომაზე არ მივედი, იმიტომ რომ მე საქართველოს კონსტიტუციის ერთგული ვარ და არა ბიძინა ივანიშვილის ახირებების“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ - წულუკიანი კომისიაზე

ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის პარტია "ახლის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია. მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს და საქმის სასამართლოში განხილვას საპატიმროს გარეთ ელოდებიან: