13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში PACE-ის თანამომხსენებლები - პორტუგალიელი და ბოსნიელი პოლიტიკოსები - წერენ, რომ დაგმეს:
- „ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში დაბარება სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო „შეურაცხყოფის“ გამო“;
- „დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომები, მათ შორის დაკავებების გამოყენება ოპოზიციის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების“ შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა“.
„მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან“, - განაცხადეს ჩუდიჩმა და ესტრელამ.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქართული საზოგადოების განსხვავებული აზრის მიმართ ეს არადემოკრატიული რეპრესიები და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა“, - აცხადებენ ისინი.
„ჩვენ კვლავ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში“, - აღნიშნეს მათ.
ასევე ნახეთ PACE-მ დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.
რეზოლუციაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა“ „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ“.
რეზოლუცია ადგენს არაერთ კრიტერიუმს, რომელთა შესრულება არის წინაპირობა „ქართული ოცნების“ დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ცნობისათვის.
მანამდე, 29 იანვრის კრიტიკული რეზოლუციისა და PACE-ის მიერ „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების „შეზღუდული უფლებებით“ ცნობის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
ასევე ნახეთ კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ PACE-ში მუშაობას წყვეტს