ირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით რაკეტა“ ისროლა. ისრაელის ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.

„რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტის გაშვებით დაიწყო სიონისტური რეჟიმის სასტიკ თავდასხმაზე გადამწყვეტი რეაგირების ოპერაცია“, - წერს ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA.

„მთელი ისრაელი ირანული ჭურვების ცეცხლის ქვეშაა“, - დაწერა ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე.

თელ-ავივში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ არღვევენ შემომავალი რაკეტები ისრაელის "რკინის გუმბათს" და ქალაქის რამდენიმე შენობას კვამლი ასდის.

CNN-ის ჟურნალისტების ცნობით, აფეთქებები ისმოდა როგორც იერუსალიმში, ასევე თელ-ავივში.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის, ელი ბინის თქმით, ირანის მიერ თელ-ავივისა და ისრაელის ქალაქ რამათ-განის საზღვარზე განხორციელებული დარტყმის შედეგად შვიდმა ადამიანმა „მსუბუქი და საშუალო სიმძიმის“ დაზიანებები მიიღო.

ასევე ნახეთ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმა თვეების წინ დაიგეგმა, აშშ საქმის კურსში იყო

13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.