ირანული ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ წმენდენ 14-სართულიანი კორპუსის ნანგრევებს მაშველები თეირანში.
CNN იტყობინება, რომ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტის ცნობით, გარდაცვლილია 20 ბავშვი, მათ შორის 6 თვემდე ასაკის ჩვილები.
ირანის გაეროს ელჩმა ამირ საიდ ირავანიმ პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელის იერიშებს სულ მცირე 78 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, უცნობია, შედის თუ არა აღნიშნული 60 დაღუპული მის მიერ ნახსენებ რიცხვში.
13 ივნისს, გამთენიისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ “ეს არის დიდი რეგიონული ომის დასაწყისი” - რა შეიძლება მოჰყვეს ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას