რეჯეპ ტაიპ ერდოანი: ყოველი დანაშაულით, რომლებსაც ისრაელი კაცობრიობის წინაშე სჩადის, საფრთხეს უქმნის თავის არსებობას

"ყველა რეპრესიით, რომლებსაც ისრაელი ახორციელებს, ყოველი წვეთი სისხლით, რომელსაც ღვრის და ყოველი დანაშაულით, რომლებსაც ის სჩადის კაცობრიობის წინაშე, საფრთხეს უქმნის თავის არსებობასა და სახელმწიფოებრიობის მომავალს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 16 ივნისს, კაბინეტის წევრებთან თათბირის შემდეგ.

მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ემსჯელათ:

„რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება მძიმე შედეგებით ორივე მხარისთვის. პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობა, მართალია, კონფლიქტები დიდხანს არ გაგრძელებულა, კვლავაც ქმნის პოტენციურ საფრთხეს იმ ძალის გათვალისწინებით, რომელიც მხარეებს აქვთ.

ჩვენს გულისტკივილს იწვევს გენოციდი, რომელსაც ისრაელი ახორციელებს ღაზაში მთელი მსოფლიოს თვალწინ და სასტიკი ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა ლიბანსა და სირიაში.

სწორედ იმავე ისრაელმა ახლა წამოიწყო შეტევა ჩვენს მეზობელ ირანზე. სრულიად ნათელია, რომ თავდასხმის ყოველ დღეს, რომლებიც დაიწყო ირანის ბირთვული ობიექტების მიზანში ამოღების ქვეტექსტით, სინამდვილეში ბევრად მომცველი და მზაკვრული მიზნები აქვს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობა უნდა გამართულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან“.

თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის ქმედებას "ბანდიტიზმს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მზად არის ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირების მოგვარებაში ხელშემწყობის როლი შეასრულოს:

„პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიითა და დიალოგით. ღიად მოვახსენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ - თურქეთი - მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ხელგვეწიფება, ფასილიტატორის როლის შესრულების ჩათვლით".

ერდოანმა განაცხადა, რომ ისრაელს არ ესმის რას სჩადის:

„ისრაელს, რომელიც თავს ესხმის ირანს, მიწასთან ასწორებს ღაზას და აბულინგებს ყველა ქვეყანას რეგიონში დასავლეთის შეუზღუდავი მხარდაჭერით, სინამდვილეში არ ესმის რას სჩადის. შესაძლოა, მან მომავალში გაიაზროს, რა შეცდომას უშვებს, მაგრამ გვიანი იქნება".

ერდოანმა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები განიხილა თურქეთის ინტერესებისა და მიზნების ჭრილში:

„ჩვენი ქვეყანა, რომელიც 86-მა მილიონმა ადამიანმა გვანდო, არის უსაფრთხოდ, კომპეტენტურსა და სანდო ხელში. ალაჰის ნებით, ვერავინ შეძლებს „თურქეთის საუკუნის“ შენებისთვის ხელის შეშლას. როგორ ღირსებითაც დღემდე გადავლახეთ ყველა გამოწვევა, ალაჰის შეწევნით, ავაცილებთ ჩვენს ქვეყანას რეგიონში არსებული კრიზისის ზეგავლენასაც“.

2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან ერთი საუკუნის აღნიშვნისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა საგარეო პოლიტიკის ახალი, გრძელვადიანი პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა რესპუბლიკის არსებობის მეორე საუკუნისთვის და მას უწოდა "თურქეთის საუკუნე", მიზნად კი "თურქული ღერძის" შექმნა გამოაცხადა.

16 ივნისს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის სატელეფონო საუბრის შესახებ. მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტი და "უკრაინის პრობლემატიკა" იყო:

“ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმეს ისრაელის ძალისმიერი ქმედება ირანის წინააღმდეგ, რომელიც მან მიიღო გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით. ორივე მხარის მიერ გამოითქვა უსერიოზულესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის განგრძობადი ესკალაციის გამო, რამაც უკვე მოიტანა დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მთელი რეგიონს გრძელვადიან მძიმე შედეგებს უქადის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში, რომელშიც "საკამათო საკითხების", მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების გზად "მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებები" სახელდება.