დღეს, 17 ივნისს ისრაელის სხვადასხვა ქალაქში არაერთხელ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ისევ აფეთქებები იყო ირანის დედაქალაქ თეირანსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში, მათ შორის თავრიზში.
ისრაელის არმიის გენერალ-მაიორმა ოდედ ბასიუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის საწინააღმდეგო ოპერაცია არ დასრულდება, სანამ ისრაელის არმია საბოლოოდ არ აღკვეთს ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეს.
ისრაელის არმიის გენერალი აცხადებს, რომ დარტყმის სამიზნეა „ტერორისტული რეჟიმი“ და არა ხალხი, რომელიც უკეთეს მომავალს იმსახურებს.
ისრაელის არმიის მონაცემებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაანადგურეს, ან გაანეიტრალეს ირანის ბალისტიკური რაკეტების 200-ზე მეტი გამშვები დანადგარი, რაც ისლამური რესპუბლიკის არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილია და სერიოზული ზიანი მიაყენეს ბირთვული პროგრამის შემუშავების ცენტრებსაც.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, ირანში ლიკვიდირებულია ცენტრალური შტაბის ახალი მეთაურიცთავის მხრივ, ირანის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჰეიდარიმ დღეს განაცხადა, რომ „მოწინავე იარაღით“ და უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს თელ-ავივში, ხაიფასა და სხვა რაიონებში. ირანელ გენერალს, რომლის განცხადებაც ადგილობრივმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, იარაღის სახეობა არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით გავრცელდა ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ გამოყენებული იყო ახალი რაკეტა, რომელიც „სიონისტურმა რეჟიმმა"(ისრაელმა) დარტყმამდე ვერც კი შენიშნა.
ირანის მედიით გავრცელდა ცნობაც, რომ ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსმა სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხედრო დაზვერვის, „მოსადის“ შტაბ-ბინაზე, რომელიც თელ-ავივთან მდებარეობს. ისრაელს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია
17 ივნისს, დილით ირანის არმიამ დაადასტურა, რომ ისრაელმა თეირანში დაბომბა ირანის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
- პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
- ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
- მხარეთა ოფიციალური მონაცემებით, 16 ივნისის მდგომარეობით ისრაელში დაღუპული იყო 24 ადამიანი. ირანში - 224, რომელთა უმრავლესობა, თეირანის თანახმად, სამოქალაქო პირი იყო.