ტელეკომპანია CNN-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი განიხილავს ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის ჩართვის შესაძლებლობას.
ამას იუწყება ტელეკომპანია CBS News-იც, რომლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი განიხილავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ფორდოს ურანის გამამდიდრებელ ქარხანაზე დარტყმების შესაძლებლობას. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს შორის ამ საკითხში ერთსულოვნება არ არის.
გამოცემა The New York Times-ი ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რაკეტები და სხვა იარაღი გაამზადა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევისთვის, თუ შეერთებული შტატები ისრაელის ოპერაციაში ჩაერთვება და ირანში დაარტყამს ფორდოს ბირთვულ ობიექტს.
გამოცემის თანახმად, ვაშინგტონში შიშობენ, რომ ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში ჩართვის შემთხვევაში იემენელი ჰუთები განაახლებენ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს, ერაყსა და სირიაში მოქმედი პროირანული შეიარღებული დაჯგუფებები კი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს დაიწყებენ.
ასევე ნახეთ ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ17 ივნისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში გამოაქვეყნა პოსტები, რომელთა თანახმად, ირანის ცას სრულად აკონტროლებენ და იციან ირანის უზენაესი ლიდერის ადგილსამყოფელი, თუმცა მის მოშორებას ჯერ არ აპირებენ. ტრამპმა „უპირობო დანებება“ მოითხოვა.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების წინადადებით მიმართა.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
- პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
- ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის (ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელის მთავრობის მიერ 18 ივნისს, დილით განახლებული მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.
ასევე ნახეთ ისრაელ-ირანის მზარდი კონფლიქტის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობა ორივე მხარეს