თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ცნობით „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ პალესტინური დანაყოფის უფროსი საიდ იზადია ირანის ქალაქ ყუმში მდებარე ერთ-ერთ ბინაზე თავდასხმის შედეგად მოკლეს.
ისრაელ კაცმა თქვა, რომ რომ იზადიამ დააფინანსა და შეაიარაღა პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასი“ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის წინ, რასაც ღაზაში ომი მოჰყვა.
„ეს არის სამართალი მოკლულთათვის და მძევლებისთვის. ისრაელის გრძელი ხელი ყველა თავის მტერს მიწვდება“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” განაცხადა, რომ მისი ხუთი წევრი დაიღუპა ხორამაბადზე თავდასხმების დროს, თუმცა არ უხსენებიათ იზადია, რომელიც აშშ-სა და ბრიტანეთის სანქციების სიაში იყო.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის მიერ ყუმზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 16 წლის მოზარდი და ორი ადამიანი დაშავდა.
ირანის სახელმწიფო გამოცემა „ნურ ნიუსი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს თავდასხმები დაიწყო, ირანში სულ მცირე 430 ადამიანი დაიღუპა და 3500 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმებს 24 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ ისრაელმა და ირანმა თავდასხმები განაახლეს უშედეგო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე