წულუკიანის კომისიამ გახარიას „გონივრული ვადა“ მისცა სხდომაზე გამოსაცხადებლად

ფოტოკოლაჟი: თეა წულუკიანი და გიორგი გახარია.

„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას „გონივრული ვადა“ მისცა სხდომაზე გამოსაცხადებლად და ის კიდევ ერთხელ მიიწვია 2 ივლისის. საკითხს კენჭი უყარეს დღევანდელ, 23 ივნისის სხდომაზე, როცა გახარია უნდა გამოეკითხათ.

„ჩვენ ტექნიკური შესვენების დროს გადავამოწმეთ ინფორმაცია, რომ არც საშვთა ბიუროში არ არის ცნობა, რომ ბატონმა გიორგი გახარიამ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა, რომ 12:00 საათზე გამოცხადებულიყო სხდომაზე...“ - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა და დაიწყო მსჯელობა გადაეგზავნათ გახარიას საქმე პროკურატურაში თუ მისთვის მიეცათ დამატებით დრო.

გიორგი გახარია თანახმაა, კომისიამ დისტანციურად, „ონლაინ ჩართვით“ გამოჰკითხოს, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო.

ასევე ნახეთ „გახარია განსხვავებულ სტატუსშია“ - რატომ ეუბნება უარს „ოცნება“ მას კომისიასთან დისტანციურ ჩართვაზე

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ „გამორიცხულია, [გახარიას ვიდეო] ჩართვა არ უნდა მოხდეს“ და გაიმეორა არგუმენტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტებს უთხრა.

„მივცეთ გონივრული ვადა [კომისიაზე მოსასვლელად] და თუ ის ისევ აარიდებს თავს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას... მეტყველებს იმაზე, რომ ის უპასუხისმგებლოდ [მოიქცა], ვინც იქცევა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე, უნდა აგოს პასუხი“, - თქვა სხდომაზე თენგიზ შარმანაშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ კომისიის სხდომაზე დისტანციურად (ჩართვით) გამოჰკითხეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, კომისია შეთანხმდა, რომ მსგავსი უფლება არ უნდა მიეცათ გიორგი გახარიასთვის.

„წმინდა ლოჯისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, არ არის გამორიცხული, რომ გაითიშოს ან ეს მოხდეს განზრახ - ამიტომ ჩვენ გვჭირდება... ჩართვა გვქონია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირი იმყოფება საპატიმროში... დღეს და წინა შემთხვევებში გამოგვიყენებია ჩართვა, როცა ადამიანი ვერ მიატოვებს სამუშაო ადგილს [დავით ბაქრაძე]... სხვა შემთხვევაში ჩართვა არ ყოფილა ანალოგიური - საქართველოში მყოფ პირს შევთავაზეთ მობრძანდიო და ის წავიდა საზღვარგარეთ და ქვეყნის გარედან დაიწყო ლაპარაკი, რომ ჩამრთეთო“, - თქვა თეა წულუკიანმა.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიას დისტანციურად ჩართვას სთავაზობს - კომისია უარზეა

კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ლიდერი და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი. „ქართული ოცნებას“ ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას მეორედ გამოკითხვა უნდა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასთან გახსნილ საგუშაგოსთან დაკავშირებით. იმ პერიოდში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ის, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისევ დაიბარეს, ცნობილი გახდა 16 ივნისს.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, გიორგი გახარიას ამჯერად კითხვებს დაუსვამენ ოპოზიციაში ყოფნის დროს „საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის“ შესახებაც.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ შექმნილ კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს

მოგვიანებით გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაში ყველა „შესაბამისი უწყება“ იყო ჩართული.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია. მათგან ზურა ჯაფარიძეს უკვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე ნახეთ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო

გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.

ასევე ნახეთ "ერთი კითხვა არ დაგისვამთ, გავრილოვი საქართველოში როგორ ჩამოვიდა" - გახარია წულუკიანის კომისიას

კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.

ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შეჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.

ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.

ასევე ნახეთ როგორ გამოკითხა წულუკიანის კომისიამ წაღვლელი კაცი "ჩორჩანის საგუშაგოზე"

14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.

ასევე ნახეთ „ტრაქტორები უნდა მიმეყვანა და მომეტაცა [საგუშაგო]? - გომელაური გამოკითხეს ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე

ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ასევე ნახეთ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ