ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას ოფისში თანაგუნდელებთან ერთად იყვნენ - პოლიტიკოსების დაკავების საფუძველია გამოუცხადებლობა სადავო პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომელიც წინა ხელისუფლების, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლით არის დაკავებული. ამ კომისიას ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი, დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
პარტია "ლელოს" წევრებს 8-თვიანი პატიმრობა და ორი წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა მიესაჯათ - მათ საქმეებს სასამართლო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავდა.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავებისას "ლელოს" ოფისთან მობილიზებული იყო პოლიციელების დიდი რაოდენობა, მათ შორის ავტობუსებითაც - ოფისში პოლიტიკოსების მხარდასაჭერად შეკრებილი ხალხი მათ დახვდა შეძახილებით: "ბოლომდე", "ცეცხლი ოლიგარქიას," "მონებო" და ა.შ.
"საქართველო გაიმარჯვებს, ერთიანობით უნდა ვუპასუხოთ ამ ძალადობას, სიმშვიდით, არანაირი უიმედობა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს ხელისუფლება ისეთ გზას დაადგა, ყველაფერს უნდა ელოდო, მაგრამ არ უნდა გატყდე", - უთხრა რადიო თავისუფლებას ხელბორკილების დადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბადრი ჯაფარიძემ.
"აბა, მაგრად იყავით!" - ამ შეძახილით ჩაჯდა მამუკა ხაზარაძე პოლიციის ავტომობილში.
პოლიტიკოსების დაკავებისას "ლელოს" ოფისში იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოლიდარობის ნიშნად იქ მივიდნენ მსახიობები, მომღერლები, აქტიური მოქალაქეები.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე შეფარდებული ჰქონდათ 50 000-50 000-ლარიანი გირაო, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.
მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან გირაო არ გადაიხადა. ამავე ბრალდებით დაკავებული არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია - სასამართლოს მათ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ გამოუცხადებია.
ასევე ნახეთ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამოგარდა უკვე დაკავებული პოლიტიკოსებისა, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.
ასევე ნახეთ წულუკიანის კომისიამ გახარიას „გონივრული ვადა“ მისცა სხდომაზე გამოსაცხადებლად