მარკ რიუტე ნატოს სამიტამდე: ალიანსისთვის უმნიშვნელოვანეს და პირდაპირ საფრთხედ რჩება რუსეთის ფედერაცია

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე

„ვხვდებით ისტორიულ მომენტში, ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მზარდი გამოწვევებით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 23 ივნისს ნატოს ჰააგის სამიტამდე გამართულ ბრიფინგზე.

ალიანსისთვის მთავარ საფრთხედ რიუტემ დაასახელა რუსეთი:

„რა თქმა უნდა, ამ ალიანსისთვის უმნიშვნელოვანეს და პირდაპირ საფრთხედ რჩება რუსეთის ფედერაცია. მოსკოვი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის, აგრეთვე ბელარუსის მხარდაჭერით“.

მომავალ სამიტზე ნატოს მოკავშირეები დაამტკიცებენ თავდაცვაში ინვესტირების ახალ გეგმას, რომლითაც თავდაცვითი ხარჯების სამიზნე ნიშნული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე იზრდება. ამას ახლავს ნატოს თავდაცვითი ინდუსტრიის გაზრდაზე შეთანხმებაც, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ჰააგის სამიტის ფოკუსი მიმართული იქნება აგრეთვე უკრაინის მხარდაჭერისკენ, რისი მიზანიც რუსეთის აგრესიის ომის სამართლიანად დასრულება და მშვიდობის ხანგრძლივად შენარჩუნებაა:

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის იმგვარად უზრუნველყოფა, რომ მას ჰქონდეს, რაც სჭირდება თავის დასაცავად დღეს და საფრთხის შესაკავებლად - მომავალში. ჩვენ მიერ უკრაინის მხარდაჭერა განუხრელია და შენარჩუნდება”.

ასევე ნახეთ თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან

ნატოს გენერალურმა მდივანმა 23 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში ინვესტიციის გეგმა იქნება “გადამწყვეტი” საფრთხის ეფექტიანი შეკავების უზრუნველსაყოფად. იმ ფონზე, როცა ნატოს წევრი ცალკეული სახელმწიფოების სამიზნე ნიშნულები გასაიდუმლოებულია, ნატოს გენერალური მდივანი მათ მოუწოდებს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ხუთჯერ გაზრდისკენ, ათასობით დამატებითი ტანკისა და ჯავშანმანქანის, მილიონობით ჯერი საარტილერიო მასალის შეძენისკენ იმისათვის, რომ ნატოს მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული.

მარკ რიუტემ 24 ივნისს დაგეგმილ “თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმამდე” მოუწოდა მოკავშირეებს თავდაცვითი ინდუსტრიის ბაზის გაფართოებისკენ და აღნიშნა, რომ დღეს ამ თვალსაზრისით “ატლანტიკის ორივე მხარეს არასაკმარისი მიწოდებაა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”. რიუტემ განაცხადა: “მეტი ინვესტირებითა და მეტის წარმოებით, უფრო ძლიერ ნატოს ვაშენებთ”.

პარტნიორობის გაძლიერება სამიტის ყურადღების ცენტრში რჩება: უკრაინის გარდა, იქნება მსჯელობა ნატოს პარტნიორებთან ინდოეთი-წყნარი ოკეანეების ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებთან.

24-25 ივნისს ნატოს ლიდერები ჰააგაში შეიკრიბებიან. ნიდერლანდი პირველად მასპინძლობს ნატოს სამიტს.

ასევე ნახეთ მარკ რიუტემ "ჩეთემ ჰაუსში" ალიანსის პრიორიტეტები წარმოადგინა: რუსეთს შეუძლია ხუთ წელიწადში მოემზადოს ნატოს წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად