„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნიკა გვარამიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), მამუკა ხაზარაძის („ლელო - ძლიერი საქართველო“) და გიორგი ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) საქმეები პროკურატურას კიდევ ერთხელ გადაუგზავნა. მიზეზი ისაა, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები არ ჩაერთნენ კომისიას საპატიმროდან.
მასალა არქივიდან თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე - წულუკიანი„პროკურატურა რა კვალიფიკაციას მისცემს, ეს მისი პრეროგატივაა, ჩვენ ეს უნდა გავუგზავნოთ სისხლის სამართლის დევნის ორგანოს. ჩვენ მოვიქცეთ ჩვენს კონსტიტუციურ ფარგლებში და პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება“, - თქვა სხდომაზე კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სამივე პოლიტიკოსი უკვე პატიმრობაშია. გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მამუკა ხაზარაძეს - 8-თვიანი, ნიკა გვარამიაც პატიმრობაშია, თუმცა მისი განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება" გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. რვავე პატიმრობაშია. მათგან ექვსის წინააღმდეგ (ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე) უკვე გამოცხადდა განაჩენი, ორს კი (ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი) პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად აქვს შეფარდებული.