საფრანგეთში პოლიცია გაძლიერებულ მზადყოფნაშია - „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის ფინალის წინ, რომელიც აშშ-ში გაიმართება

საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გულშემატკივრების არასათანადო საქციელი დაუშვებელი იქნება.

13 ივლისს საფრანგეთის ქალაქებში ათიათასობით პოლიციელი იქნება მობილიზებული, როცა „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.

საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ
გულშემატკივრების არასათანადო საქციელი დაუშვებელი იქნება. ამ ქვეყანაში ძალადობამ, პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის პირველი თასის მოგების აღნიშვნა დაჩრდილა.

"ელისეს მინდვრებზე შეკრებები დაუშვებელი იქნება“, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ RMC მედიას. - „კვირას პარიზში სულ 11 500 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული, ხოლო მთელ საფრანგეთში - 53 000“.

საფრანგეთის პოლიცია ორმაგი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნიუ-ჯერსიში, MetLife-ის სტადიონზე პსჟ-ს მატჩის მეორე დღეს, 14 ივლისს, საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება.

"ყოველ წელს გამოჩნდებიან ხოლმე წესრიგის დამრღვევები, რომლებსაც ძალადობრივი გართობა სურთ, ქონებას ამტვრევენ, ძარცვას ცდილობენ. ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების უზრუნველყოფა უამრავ ღონისძიებაზე: ფეიერვერკების, წვეულებების დროს“, - თქვა რეტაიომ.

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის აღნიშვნამ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ რაიონში ძალადობაში გადაიზარდა. ეროვნული პოლიციის სამსახურის ცნობით, ფინალის შემდეგ პსჟ-ს ქუჩის ზეიმის დროს, დასავლეთ ქალაქ დაქსში, 17 წლის ბიჭი დანით მოკლეს. პარიზში, 20 წლის ასაკის მამაკაცი დაიღუპა, როდესაც მის სკუტერს პსჟ-ს ზეიმის დროს მანქანა დაეჯახა.

ასევე ნახეთ ტრამპი FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება