აშშ უკრაინისთვის Patriot-ებს გაგზავნის - ტრამპი

საილუსტრაციო ფოტო. სარაკეტო კომპლექსი Patriot

აშშ უკრაინისთვის გაგზავნის სარაკეტო კომპლექსებს Patriot-ი, რომელთა ღირებულებასაც ევროკავშირი აანაზღაურებს. ამის შესახებ, როგორც ამერიკული და ევროპული მედიასაშუალებები იუწყებიან, ჟურნალისტებს განუცხადა უქმე დღეების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ის 13 ივლისს ნიუ-ჯერსიში დაესწრო საფეხბურთო კლუბების ჩემპიონატის ფინალს.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია უკრაინისთვის გასაგზავნი სარაკეტო კომპლექსების რაოდენობა და არც ის, ევროკავშირის რომელი ქვეყნები გადაიხდიან თანხას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ გამოხატა იმედგაცრუება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით, რომელიც უკრაინის დაბომბვას განაგრძობს და ისევ თქვა, რომ უკრაინელებს თავდაცვა სჭირდებათ.

გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იარაღს უგზავნის ნატოს, რომელიც შემდეგ ამ იარაღს უკრაინას გადასცემს და საფასურსაც ალიანსი იხდის.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას ნატოს გავლით აწვდის იარაღს

დღეს, 14 ივლისს თეთრ სახლში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის და გერმანიის თავდაცვის მინისტრების, პიტ ჰეგსეთის და ბორის პისტორიუსის შეხვედრაც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ გერმანიის მიერ უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ების შეძენას.

გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 14 ივლისს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოაცხადებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ გეგმას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, არამედ შეტევით იარაღსაც.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე „მნიშვნელოვანი განცხადების" გაკეთებას აპირებს

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო და აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.

უკრაინა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დასთანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა ეს ინიციატივა კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა.

ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარს ამბობს და განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.

ასევე ნახეთ პენტაგონი: აშშ უკრაინაში აგზავნის დამატებით თავდაცვით იარაღს