ბათუმის საქალაქო სასამართლოში თავისი სისხლის სამართლის საქმეზე იკითხება გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ის ჩვენებას აძლევს სხდომის დარბაზში ბრალდებულებისთვის განკუთვნილი შუშებიანი ჯიხურიდან. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მზია ამაღლობელი სხდომათა დარბაზში დაკითხულიყო.
გამოცემა "ბათუმელების" ლაივბლოგის მიხედვით, მზია ამაღლობელმა თქვა:
„ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.
მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.
პროფესიულ-კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს.
ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია.
ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, ვისთვის სილის გაწვნის გამოცაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე მზია ამაღლობელის მიმართ. რედ.) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“.
ჩანახატი მზია ამაღლობელის სასამარლო სხდომაზე. 14 ივლისი, 2025 წელი
სასამართლო სხდომიდან გამოცემა "პუბლიკის" ლაივბლოგის მიხედვით, მზია ამაღლობელი მოჰყვა დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძესთან შეხვედრის შესახებაც.
"კარი შემოანგრია ვიღაც ახალგაზრდამ, მაგინებდა უშვერად, იწევდა საცემრად, სხვებს რომ არ გაეკავებინათ, მცემდა კიდეც, სახეში არ ვუყურებდი, მხოლოდ ერთ მომენტში ავხედე და მაგ დროს გამოიწია და სახეში შემაფურთხა. მერე ვიკითხე ეს ვინ არის მეთქი და მითხრეს, როგორ არ იცი, დგებუაძეაო“.
სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს, რომ როგორც მზია ამაღლობელმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ მას არაადამიანურად მოჰქცეოდა.
„შემიძლია, სასამართლოს წერილობით ჩვენება უფრო დეტალურად მივცე. როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო.
ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე. დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე [ჩაიფსას]. თანამშრომლების თანდასწრებით ასე იქცეოდა, რომ მახსოვს გონება გამეთიშა, ცუდად ვიყავი. პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ არაადამიანურად მომქცეოდა. მახსოვს ვიღაც მამაკაცი ამბობდა, ხელბორკილი რატომ არ ადევსო. ხელბორკილები უკან შეუკარით, წინ არაო, ეს არის პოლიციელი დავით ათაბეგაშვილი“, - თქვა მზია ამაღლობელმა.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 30 ივნისიდან აიკრძალა სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
რადიო თავისუფლებას ამჟამად არ ჰყავს თავისი კორესპონდენტი მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე, სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიხედვით კი, მზია ამაღლობელის სიტყვებით, სამართალდამცავებს რომ არ შეეჩერებინათ, ირაკლი დგებუაძე მას სცემდა.
მზია ამაღლობელი მოჰყვა 11 იანვარს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებაც.
ამაღლობელმა 2025 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელს მიაკრა სტიკერი: „იფიცება საქართველო“. ამის შემდეგ ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოუშვეს, შემდეგ კი პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით - „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით - დააკავეს.
„ეთერ თურაძესთან ("ბათუმელების" რედაქტორი) მივედი, მინდოდა მარტო არ ყოფილიყო. მეც ვცდილობდი და თანამშრომლებსაც ვეუბნებოდი, პოლიციელებთან დისტანცირდით-მეთქი. პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, გადამიარეს. როცა დაკავებულებზე ვეკითხებოდი, პოლიციელები აგრესიულად მპასუხობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ვისაც უნდოდათ, იმას დააკავებდნენ, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა. სილის გაწვნის ფაქტი, საპატიმროში ვიდეოკადრი როცა ვნახე, მაშინ აღვიქვი. რადგანაც ეს ფაქტი მოხდა, ესე იგი გარდაუვალი იყო, სხვანაირად არ შემეძლო მომხდარიყო. ეს არ იყო დაგეგმილი ქცევა, ეს იყო იმპულსური რეაქცია....
არ ვიცი ე.წ. დაზარალებულ დგებუაძეს რაში დაჭირდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მე ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო ეს ადამიანი. ძალიან სწრაფად მივყავდი, მესმოდა გინების ხმა - ვბრაზობ ხოლმე, აი ბრაზი მახრჩობს.
დგებუაძემ მკითხა, როგორ დამარტყიო, თავზე მედგა, ვცდილობდი არ შემეხედა დაკითხვის ოთახში, უსასრულოდ იგინებოდა, მოიწევდა ჩემსკენ. შემიძლია მოსამართლეს ციხიდან გამოვუგზავნო ის სიტყვები წერილობით, თუ როგორ მაგინებდა დგებუაძე, ამის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და გაოგნებული ვიყავი, რომ მოიწევდა [ჩემკენ], გაიყვანეს და ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი-მეთქი. ირაკლი დგებუაძე იყოო, მითხრეს, სახელი, გვარი მეცნო. რა პოზიციაზე არის-მეთქი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო. ოთახში სხვებიც შემოდიოდნენ, დგებუაძე რომ გაეყვანათ, ის მოიწევდა ჩემსკენ. ჩვენება იმ ხალხს, ვინც ამას ისმენდა, არ მიუცია. ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა, რომ უნდა დაერტყა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა. დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი…ისე ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან”, - განაცხადა ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ევროკავშირის, დანიის, შვედეთის, ესტონეთისა და საფრანგეთის საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“(IPI) - წარმომადგენლები.
დღევანდელი, 14 ივლისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ასევე ადვოკატების მიერ წინა სხდომაზე დაყენებული ორი შუამდგომლობა, გამოკითხულიყვნენ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სადავო პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი - სადავო პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების ნაწილი.
ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, „ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით. სასამართლომ უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვიკვლიოთ, საიდან აქვს ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით და რა იყო მისი მოტივაცია“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და ასევე სოზარ სუბარს. მისი ადვოკატების ცნობით, ამაღლობელმა 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამ სამი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა და მოგვიანებით სხვა პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს, რომ "მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის," და "კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა".
ასევე ნახეთ აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის - პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენმზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.