აქციის ფონია 14 ივლისს ვაგზლის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შენობა, რომელზეც მერია ამტკიცებს, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო იქ მაცხოვრებელთა პოზიციების შეუთანხმებლობის გამო, გარეგნულადაც თვალში საცემად დაბზარული იყო - მის პირველ სართულზე ფართები ათობით კომერციულ ობიექტზე იყო გაქირავებული.
აქციის მონაწილე ავარიული შენობის ფოტოთი - თბილისში ოფიციალური მონაცემებით 10 000-მდე ავარიული შენობაა.
"იმის მიუხედავად რომ მერიის სამსახურმა დიდი ხნით ადრე იცოდა ამ შენობის საფრთხის შესახებ, მაინც არ დაიცვა ის ზომები, რაც გარემოვაჭრეებსა თუ მაცხოვრებლებს გადაარჩენდა.
თბილისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, არახალია სისტემების და სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართაობა, გულგრილობა, კორუფცია, რამაც წლების განმავლობაში არაერთი ჩვენგანი გააუბედურა, ბავშვები დააობლა, ოჯახები უსახლკაროდ დატოვა.
ასეთი შემთხვევების სიმრავლე როგორიცაა: ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედია, აფრიკის და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სახლების დემონტაჟი, ვაშლიჯვრის გზაზე გაჩენილი ბზარი და ა.შ. გვარწმუნებს რომ გუშინდელი ტრაგედია არ არის უბედური შემთხვევა.
ეს არის კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობისა და უცოდინარობის შედეგი", - ასეთია აქციის მონაწილეების პოზიცია.
ასევე ნახეთ "ერთი პატარა ხის ბარიერი ტრაგედიას აგვაცილებდა" - მერია და ხალხი ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ ასევე ნახეთ „წლებია, სახალხო დამცველს მიმართავენ ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები“ - სახალხო დამცველის ოფისი