განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18 ივლისს, გამოაცხადა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.
„დიდი მადლობა ჩემს საქმეებზე რომ დადიხართ. რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი.
ჩემი საქმე არის შეკერილი - ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო.
მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ. ერთ რამეს გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს.
ძალიან მიყვარხართ, ერთი დიდი ოჯახი ვართ ყველა“, - თქვა კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე.
კვარაცხელიას საქმეში არ არის პოლიციელი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაზიანდა, თუმცა არის გდდ-ის ორი თანამშრომელი, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ. მათ სასამართლოში თქვეს, რომ არ მოხვედრიათ „მოლოტოვის კოქტეილი“ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.
ადვოკატის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება იდენტიფიცირებისთვის უვარგისია. ეს ექსპერტმა სხდომაზეც დაადასტურა.
გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ანრი კვარაცხელიამ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. მისი ადვოკატის თქმით, ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ადვოკატი არ ახლდა.
კვარაცხელია გასული წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
კვარაცხელიას დაკავებამდე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი. მისმა ცოლმა, ნუცა ერემიანმა, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, როგორც ცდილობდნენ პოლიციელები სახლში მოტყუებით შესვლას და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მას, ანრისა და ანრის დას.