რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 21 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, შევჩენკოს, სოლომენსკის, დნეპრის და დარნიცკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა სახლებსა და არასაცხოვრებელ შენობებში, მათ შორის საბავშვო ბაღში.
რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად განადგურებული ბინები კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. 2025 წლის 21 ივლისი
დაზიანებულია კიევის მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი.
რუსეთს ჯარების თავდასხმებისას კიეველების დიდი ნაწილი თავს მეტროს აფარებს. ასე იყო 21 ივლისსაც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სადგურ „ლუკიანოვსკაიაში“ მყოფი მოქალაქეები არ დაშავებულან.
განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის თერთმეტის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქზე დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა შვიდი, მათ შორის 15 წლის გოგო. შვიდიდან ხუთ დაშავებულს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები, გზები, ტრამვაის რელსები და ელექტროგადამცემი ხაზები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
განახლება: რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკსა და მის მახლობლად მდებარე სოფლებზეც. ქალაქის მერის, რუსლან მარცინკივის განცხადებით, ივანო-ფრანკოვსკზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. მერის ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
ასევე ნახეთ ივნისში პიკს მიაღწია მსხვერპლმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში - გაეროს მისიაგანახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 426 დრონი, 19 ფრთოსანი რაკეტა და 5 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“. სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 200 დრონი, კიდევ 203 კი „ლოკალურად დაიკარგა". ჩამოაგდეს რაკეტების უმრავლესობაც, დანარჩენი კი გააუვნებლეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს 23 რუსული დრონით პირდაპირ დარტყმას 3 ადგილზე და მოგერიებული დრონების ჩამოვარდნას 12-ზე.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის გამო პოლონეთის არმიის სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის ავიაცია გაგზავნა.
21 ივლისს, გამთენიისას სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედების პასუხად, პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს საჰაერო თავდაცვის სახმელეთო და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემებიც.