საბერძნეთში დააკავეს ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი

ვლადიმირ პლაჰოტნიუკი (ფოტო 2016 წელსაა გადაღებული) მოლდოველი ოლიგარქი, რომელიც იძებნებოდა და საბერძნეთში დააკავეს.

საბერძნეთში დააკავეს ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი, მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი - ინფორმაცია მოლდოვის პოლიციის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ცნობაში მოლდოვის კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებაა საუბარი, თუმცა ვინაობა არ არის დაკონკრეტებული.

გამოცემა NewsMaker-ი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე დაკავებული არის მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი, პლაჰოტნიუკთან დაახლოებული პირი, კონსტანტინ ცუცუ.

პლაჰოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში. სხვა ბრალდებებთან ერთად, ის 2012-2014 წლებში მოლდოვის უმსხვილესი ბანკების ანგარიშებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის გაუჩინარებასთანაა დაკავშირებული.

პლაჰოტნიუკი მოლდოვის პარლამენტის ორი მოწვევის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. მას ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად და 2010-იან წლებში ყველაზე გავლენიან პირად მოიხსენიებენ. პლაჰოტნიუკის პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში დასრულდა, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.

NewsMaker-ის ცნობით, მოლდოვაში მის სახელზე დაპატიმრების ორდერია გაცემული სისხლის სამართლის სამ საქმეზე. სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ასევე რუსეთში.

2025 წლის თებერვალში ინტერპოლმა პლაჰოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

კონსტანტინ ცუცუს მოლდოვაში უკანონოდ გამდიდრებასა და შემოსავლის დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის მითითებაში ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ

იგორ დოდონი მოლდოვაში "მეორე ფრონტის" გახსნასა და საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე ალაპარაკდათავდასხმა სახელმწიფო უწყებებზე და მძევლების აყვანა - რას გეგმავს მოსკოვი მოლდოვაში?რას მოასწავებს დოდონის პატიმრობიდან გათავისუფლება მოლდოვის პოლიტიკაში?მოლდოვაში კვლავ სახელისუფლებო კრიზისიაორხელისუფლებიანობა მოლდოვაში