განახლება: შსს-ის პრესცენტრის ცნობით, დაკავებულია ოთხი ადამიანი - ოთხივე მათგანი ადმინისტრაციული წესით.
ისინი დაკავებულნი არიან „პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).
კანონში ცვლილებებით, ეს მუხლი ითვალისწინებს 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ჯარიმას, ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
რა ხდება „აფრიკის“ დასახლებაში
ადგილზე დილიდან ხმაურია.
დაძაბულობის მორიგი ეპიზოდი მოჰყვა ავეჯის გადასატანი სატვირთო ავტომობილის გამოჩენას - მას მოსახლეობის ნაწილი არ აძლევდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას.
პოლიციამ მათ მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ გზა, თუმცა წინააღმდეგობის გაგრძელების შემდეგ სამი ადამიანი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილებში და გადაიყვანეს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამაზუსტებელი კითხვით, რა საფუძვლით დააკავეს მოქალაქეები.
პრესცენტრისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ასევე ნახეთ „აფრიკის“ დასახლებაში კორპუსიდან მოქალაქეებს ასახლებენკორპუსი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მოპირდაპირე მხარესაა, - მისგან აღმოსავლეთით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, მისამართზე მდებარეობს „ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით“.
უწყების განცხადებითვე, შენობა-ნაგებობები „სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია“.